საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტირების ხარჯები გაზრდილია, რამაც შესაძლოა, ფასების მცირედით, 3-4%-იანი მატება გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები.
ამასთანავე, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა ჯერჯერობით არაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, საბურავებზე დეფიციტის შექმნა არაა მოსალოდნელი.
„მოთხოვნა ჯერ არაა, იმიტომ, რომ 7 გრადუსს უნდა ჩამოსცდეს ტემპერატურა, ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა რომ დაიწყოს. 7 გრადუსზე ზევით არ არის რეკომენდირებული ზამთრის საბურავების გამოყენება, 7 გრადუსზე ქვევით კი აუცილებელია საბურავის გამოცვლა, მაგრამ ჯერ არ არის ისეთი სიცივე, რომ ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა წამოსულიყო.
ყველა კომპანია ემზადება ზამთრისთვის, ჩამოტანილი აქვთ ან ელოდებიან საბურავების ჩამოსვლას და დეფიციტი არ შეიქმნება. საბურავები შესაძლოა, გაძვირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ტრანსპორტირებაზე ფასები გაიზარდა. ჩინეთში კონტეინერების დეფიციტი რომ იყო, ისევ იგივე პრობლემაა და ამან ტრანსპორტირება 3-4%-ით მაინც გააძვირა“, - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.
საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურად 6.7%-ით არის გაზრდილი ზეთისა და ფილტრების შეცვლის ფასი. ავტომობილების შეკეთების მომსახურება კი 3.8%-ით გაძვირდა.
ხუნდაძის თქმით, ავტომობილების შეკეთებაზე მოთხოვნა სტაბილურია, რადგან ქვეყანაში ავტოპარკი მოძველებულია და მძღოლებს მომსახურების მიღება ხშირად სჭირდებათ.
„მთელი საქართველო რაღაცას ურემონტებს მანქანას, პარკი ძველია და ბევრ რამეს სჭირდება შეცვლა და შეკეთება. ზეთის ფასმა ძალიან მოიმატა პანდემიის შემდეგ, ფიქსირდებოდა 10-20%-იანი მომატება. ახლა ასეთი რამ არ ხდება, მაქსიმუმ 2-3%-იანი ცვლილება ფიქსირდება ხოლმე“, - აღნიშნავს ხუნდაძე.