„ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებელში ვნახეთ, რომ 400 მილიონზე მეტი არის დახარჯული სახელმწიფო ხაზინიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მონაცემები რეკორდულია. თუშურაშვილი განმარტავს, რით შესაძლოა, იყოს გამოწვეული შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გადახდილი თანხების მატება.
„რეკორდული მაჩვენებელია. თანხის ზრდას გარკვეულწილად იწვევს დაანონსებული ხელფასების 10%-იანი ზრდა, თუმცა, ვხედავთ, რომ ამ 10%-ზე მეტით იზრდება შტატგარეშეთათვის გადახდილი თანხები. ზუსტი რიცხვი რამდენი თანამშრომელია შტატგარეშე, არ გვაქვს, თუმცა თანხები გვაფიქრებინებს, რომ უფრო და უფრო მეტი შტატგარეშე თანამშრომლები საქმდება სახელმწიფო სტრუქტურებში.
შტატგარეშე თანამშრომლებს უფრო მეტად ასაქმებენ, ვიდრე შტატიანს, რადგან საჯარო მოხელისგან განსხვავებით, შტატგარეშე ინიშნება გამარტივებული წესით, ასევე, მასზე ვრცელდება შრომითი უფლებების დაცვის ნაკლები გარანტია, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, უფრო მარტივია მსგავს თანამშრომლებზე მოახდინო პოლიტიკური ზეგავლენა და როცა გინდა დანიშნო და გაათავისუფლო (მათ შორის პოლიტიკური მიზნებით). შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ შტატგარეშე დასაქმება და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნავს თუშურაშვილი.
შეგახსენებთ, გარდა შტატგარეშე თანამშრომლებისა, მზარდია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმება მზარდია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა და 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში სამსახური დამატებით 12.5 ათასი პირისთვის მოიძებნა. იგივე საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 334 600 ადამიანი იყო დასაქმებული. გამოდის, რომ ქვეყანაში ამ პერიოდში ყოველი მეოთხე ადამიანი საჯარო სექტორში მუშაობდა.