რუსეთმა ევროპაში მარცვლეულის ექსპორტი თითქმის შეწყვიტა

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საიმპორტო გადასახადები გაზარდა, რუსეთმა ევროპაში მარცვლეულის მიწოდება, პრაქტიკულად, შეწყვიტა.

ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, სექტემბერში მარცვლეულის რუსმა მიმწოდებლებმა ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 21 ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია შეიტანეს.

თუმცა ევროპის ქვეყნები აქტიურად იმარაგებდნენ რუსულ მარცვლეულს 1-ელ ივლისამდე, როცა ევროკავშირში რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის, ზეთოვან კულტურებსა და გადამუშავებული ზეთოვანი პროდუქტების იმპორტზე გაზრდილი გადასახადები ამოქმედდა.

კერძოდ, ივნისში ევროპაში რუსული მარცვლეულის იმპორტი, თითქმის, გაორმაგდა და ღირებულების თვალსაზრისით 6,5 მლნ ევროდან 11,8 მლნ ევრომდე გაიზარდა. ივლისში ევროპის ქვეყნებში 2,9 მლნ ევროს, ხოლო აგვისტოში 3,7 მლნ ევროს რუსული მარცვლეული შევიდა.

ცნობისთვის: ევროკავშირში რუსულ და ბელარუსულ ტონა მარცვლეულზე 95 ევროს ოდენობის საიმპორტო გადასახადი, ხოლო ზეთოვან კულტურებსა და მათ გადამუშავებულ პროდუქტზე 50%-იანი გადასახადი მოქმედებს. ტარიფები ვრცელდება მარცვლეულზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში გამოსაყენებლად არის განკუთვნილი, ხოლო ბლოკის გავლით სხვა ქვეყნებში მარცვლეულის ტრანზიტს არ შეეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ