ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა - სებ-ი

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა. სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3%-ით გაიზარდა.

სებ-ის განცხადებით, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. გასულ თვეებთან შედარებით მთლიანი ინფლაციის კლებას დამატებით ხელი შეუწყო იმპორტული ინფლაციის შემცირებამ. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.2% შეადგინა

ამავე ცნობით, ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაზე ყველაზე მეტად საწვავმა და ფასების სეზონურმა ცვლილებებმა იმოქმედა. საწვავის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2%-ით შეამცირა. სეზონური პროდუქტებიდან კარტოფილის, კივის და მანდარინის გაიაფებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.2%-ით შეამცირა, ხოლო ყველის, ატმის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებამ ინფლაცია 0.3%-ით გაზარდა.

წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არცერთ ცალკე აღებულ პროდუქტს არ ჰქონია. საპირისპიროდ, ინტერნეტის, ელექტროენერგიის და ბენზინის გაიაფება ინფლაციას ჯამში 0.9%-ით ამცირებდა.

სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი ჯგუფის, სურსათის, ფასები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები იყო, ხოლო წვლილი ინფლაციაში უარყოფით 0.1%-ს შეადგენდა

ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 1.8% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ადგილობრივი ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი ზოგიერთ სურსათზე (იმერული ყველი, კომბოსტო) საბაზო ეფექტის ამოწურვა და გარკვეული მომსახურებების (რეპეტიტორის მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა) წლიური გაძვირებაა.

იმპორტული ინფლაცია კვლავ უარყოფითი გახდა (-1.5%) და ამის მთავარი მიზეზი საწვავის გაიაფებაა. შერეული ინფლაცია უარყოფითია (-0.6%). აქ ყველაზე დიდი წვლილი კვლავ ელექტროენერგიისა და ანტიბიოტიკების გაიაფებაზე მოდის.მომსახურების ინფლაცია ოქტომბერში, წლიურად, გასულ თვესთან შედარებით გაიზარდა და 2.4% შეადგინა. ეს მატება მეტწილად რეპეტიტორის და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაძვირებას უკავშირდება.

ნათია ზარიძე