აფხაზებს რუსული დენი მოქმედ ტარიფზე ორჯერ ძვირი უჯდებათ - რა ღირს ერთი კვტ/სთ მოსახლეობისთვის

პირველი, რაც დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბამ გააკეთა, ე.წ. მთავრობას სახსრების მოძიება-მობილიზება დაავალა, რომ აფხაზეთმა რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის შემდგომი მიწოდებისთვის საფასურის გადახდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

ინფორმაციას გუნბას პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ, ანუ სოციალური ნაკადის სახით აღარ აწვდის და აფხაზურ მხარეს მასში კომერციულ ფასის გადახდა უწევს. მითუმეტეს, ეს ფასი აფხაზეთში მოქმედ ტარიფზე ორჯერ მეტია.

აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადი 1-ლი ნოემბრიდან მიეწოდება, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 22 ნოემბრამდე მარაგისთვის არის გადახდილი.

განცხადებაში წერია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონის შედეგად კომპლექსის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობა შემცირებულია, ხოლო დეფიციტი რუსული კომერციული ნაკადით იფარება.

კერძოდ, აფხაზეთში ელექტროენერგიის ამჟამინდელი დეფიციტი 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც 60 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან კომერციული ნაკადით 1-ლი ნოემბრიდან შეივსო, ხოლო დარჩენილი 120 მლნ.კვტ/სთ დეკემბერში უნდა დაიფაროს.

„ჩერნომორენერგოსა“ და რუსულ Inter RAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთისგან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას 4 რუბლად (0.03 დოლარად) ყიდულობს, მაშინ, როცა თავად აფხაზეთში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება, საშუალოდ, 2 რუბლზე (0.01 დოლარზე) ნაკლებია.

ამდენად, 1-ლი ნოემბრიდან აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დენის გათიშვის ოთხსაათიანი გრაფიკი მოქმედებს. კერძოდ, მოსახლეობას მიწოდება დღისით და ღამით ორ-ორი საათით ეზღუდება.

ცნობისთვის: აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, ზაფხულში, საკურორტო სეზონის, სასტუმროებისა და კონდიციონერების მუშაობის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება დღეში 4 მლნ კვტ/სთ-ს, მიმდინარე სეზონზე კი, ალტერნატიული წყაროების არარსებობის გამო ორჯერ მეტს, 8 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ