უკრაინული სტარტაპი მსოფლიოში პირველად ჩამოცვენილი ფოთლებისგან ქაღალდს აწარმოებს

უკრაინულმა სტარტაპმა, Releaf Paper-მა მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა, რომელიც ჩამოცვენილ ფოთლებს ამუშავებს.

ინფორმაცია Releaf Paper-ის Instagram-გვერდზე ვრცელდება.

საპილოტე ხაზი საფრანგეთში სტარტაპის დაფუძნებიდან 2,5 წლის შემდეგ გაიხსნა. ერთი ტონა ქაღალდისთვის 2,3 ტონა ფოთოლი არის საჭიროა. შედარებისთვის: ქალაქ კიევში ყოველ შემოდგომაზე, დაახლოებით, 120,000 ტონა ფოთოლი გროვდება.

კომპანია ჩამოცვენილი ფოთლებისგან ტექნიკურ, ე.წ. სახარჯო ქაღალდს აწარმოებს, რომელიც შემდგომში მუყაოს, პაკეტის ან სხვა შესაფუთ წარმოებაში გამოიყენება. კომუნალური სამსახურები შემოდგომაზე ფოთლებს აგროვებენ, ხოლო RE-leaf PAPER მათ ტრანსპორტირებას ახდენს და შემდგომი გამოყენებისთვის ამზადებს. კერძოდ, ხდება ფოთლების გრანულირება, რის შემდეგაც საწარმოს საშრობ კამერაში შეაქვთ, საიდანაც ელევატორებში იგზავნება. მზა ნედლეულის შენახვა და გადამუშავება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ვიდრე ქაღალდად გადაიქცევა, ფოთლებიდან მიღებული ბოჭკო უამრავ განსხვავებულ გადამუშავებას გადის, რათა ბოჭკო მთლიანად გამოეყოს მასში ინტეგრირებულ კომპონენტებს, როგორიც არის ლიგნინი და ჰემიცელულოზი. თუ ფოთოლში სხვა გარე კომპონენტებია, როგორიც, მაგალითად, მძიმე ლითონებია, მათგან მასის სპეციალურ კამერებში დამუშავებისას ირეცხება. თუმცა, როგორც წესი, საწარმოო ნავთობპროდუქტების, ასფალტისა და რეზინის მტვრის გარდა, ფოთლებზე სხვა კომპონენტი არ ფიქსირდება. ყველა ეს ნივთიერება ქიმიური სეპარაციის დროს გამოიყოფა და ქაღალდში არ ხვდება.

ფოთლის ქაღალდის ღირებულება ტონაზე 560–600 დოლარია. მისგან დამზადებული პაკეტები Re-Leaf ვებგვერდზე, 9-10 გრივნად (0.21-0.24 დოლარად) იყიდება. ის მარკეტპლეისებზე ჩვეულებრივი ქაღალდის პაკეტზე ძვირია.

დამფუძნებელმა და უკრაინელმა მეცნიერმა, ვალენტინ ფრეჩკამ 2019 წელს საკუთარი კომპანიის შესაქმნელად 100,000 დოლარი მიიზიდა. ის ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგია. 17 წლის ასაკში ფრეჩკამ გამოიგონა, თუ როგორ ეწარმოებინა ქაღალდი ხის ნაცვლად ჩამოცვენილი ფოთლებისგან. პირველი ლაბორატორია ზაკარპატიეს სოფელ სოკირნიცაში, თავისი სახლის სამზარეულოში გახსნა, სადაც საშრობის ნაცვლად გაზქურის ღუმელს იყენებდა.

სამ წელიწადში ფრეჩკამ ტექნოლოგია დახვეწა, რომელსაც ტონა ქაღალდის წარმოება შეეძლო. 2021 წლის მაისში ბრენდ Re-Leaf-ით მისი ქაღალდისგან დამზადებული პაკეტების გაყიდვები დაიწყო და ორ კვირაში 1,5 ტონა პაკეტი გაიყიდა. პოტენციური მომხმარებლები რიგში ჩადგნენ. ამასთან, 2021 წელს კომპანიამ ბუნების მსოფლიო ფონდისგან (WWF) 350,000 ევროს გრანტი მიიღო. იმავე წელს ვალენტინ ფრეჩკა Forbes-ის „30-დან 30 წლამდე“ სიის გმირი გახდა.

2022 წელს Releaf Paper-მა საფრანგეთში ქარხნის ასაშენებლად 2,5 მლნ ევროს გრანტი პროგრამის, EIC Accelerator-ის ფარგლებში მოიპოვა.

გახსნის ცერემონიას ფრანგული მედიის, ბანკების, პოლიტიკური წრეებისა და ბიზნეს-საზოგადოების, მათ შორის, L'Oréal-ის, AXA-ს, BPI-სა და COPASEL-ის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

სტარტაპის ფინანსური პარტნიორი EIC Fund, ტექნიკური სკოლა INP Grenoble Pagora და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Business France-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ