ინდურ კონგლომერატ Adan Group-ის ხელმძღვანელ გუატამ ადანს აშშ-ის პროკურატურამ ბრალი წაუყენა მრავალწლიანი სქემის შექმნისთვის, რომელიც მზის ენერგიის მიწოდების კონტრაქტების სანაცვლოდ ინდოელი ჩინოვნიკებისთვის ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ქრთამის გადახდას ემსახურებოდა. ამასთან, ადანი ამ სქემას ამერიკელ ინვესტორებს უმალავდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კერძოდ, 2020-დან 2024 წლების პერიოდში ადანმა და განახლებადი ენერგიის კომპანიის სხვა ორმა ხელმძღვანელმა მოილაპარაკეს, 250 მლნ დოლარზე მეტი ქრთამი გადაეხადათ ინდოელი ოფიციალური პირებისთვის მზის ენერგიის კონტრაქტების მისაღებად, რომლებიც მათ 2 მლრდ დოლარის მოგებას მოუტანდა.
მეორე გავლენიანი გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ბრალდება გაუტამ ადანსა და შვიდ სხვა ბიზნეს-მმართველს, მათ შორის, მეწარმის ძმისშვილ საგარ ადანს წაუყენეს. ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები აშშ-დან და საერთაშორისო ინვესტორებისგან კაპიტალის მიზიდვის მცდელობისას ინდოელი ჩინოვნიკების მოსყიდვის სქემას მალავდნენ.
პარალელურ საჩივარში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია წერს, რომ მექრთამეობის სქემა ინდოეთის მთავრობას ავალდებულებდა, ენერგია საბაზროზე მეტ ფასებში შეესყიდა, რაც Adan Green-სა და Azure Power-ს სარგებელს მოუტანდა. რეგულატორების ცნობით, ვიდრე სქემა მოქმედებდა და Azure Power ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობდა, Adan Green-მა ამერიკელი ინვესტორებისგან 175 მლნ დოლარი მიიზიდა.
ცნობისთვის: გუატამ ადანი 2022-სა და მიმდინარე წელს ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. მან რეიტინგში კონგლომერატ Reliance Industries Limited-ის მფლობელ მუკეშ ამბანის გადაუსწრო. ადანის ქონება 2020 წლის 9 მლრდ დოლარიდან 2022 წელს 90 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლის სექტემბერში, როცა ადანის სუფთა ქონებამ 146 მლრდ დოლარს მიაღწია, მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების Bloomberg-ის სიაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელ ილონ მასკს ჩამორჩებოდა. ამჟამად გუატამ ადანი 85,5 მლრდ დოლარის ქონებით Bloomberg-ის სიაში მე-18 ადგილს იკავებს. მას მუკეშ ამბანი, 94,3 მლრდ დოლარით, ერთი პოზიციით უსწრებს. ასევე, Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ადანი 25-ე ადგილზეა.
ადანის ქონებამ კლება 2023 წლის იანვარში, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის კვლევითმა კომპანია Hindenburg Research-მა Adan Group ფასიანი ქაღალდებით მაქინაციებსა და საბუღალტრო აღრიცხვებით თაღლითობაში დაადანაშაულა. მაშინ ერთ თვეში ადანიმ 80 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა, ხოლო გამოძიების შემდეგ Adan Group-ის კომპანიების მთლიანი კაპიტალიზაცია 153 მლრდ დოლარით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ