„რეგულაცია ემსახურება რისკების შემცირებას - ეს ქართული ბანკების საქმიანობას ხელს არ შეუშლის“

„მიზნად ისახავს რისკების შემცირებასა და საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებას“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სებ-ის მიერ ქართული სისტემური ბანკებისთვის სხვა ქვეყნის ბანკებზე სესხის გაცემაზე დაწესებული ლიმიტის ცვლილებას.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის დადგენილებით, ქართულ სისტემური მნიშვნელობის ბანკებს ეზღუდება სხვა ქვეყნის სისტემური ბანკისთვის იმ მოცულობის სესხის მიცემა, რომელიც აღნიშნული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს აღემატება. იქამდე ლიმიტი 25%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება გარკვეულწილად გამოწვეულია იმ საერთაშორისო შეთანხმებებითა და რეგულაციებით, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტები ცენტრალურ და კომერციულ ბანკებს უყენებს.

„ბანკის საწესდებო კაპიტალი რეალურად არის მისთვის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც რაიმე კრიზისული სიტუაციის დროს იცავს მას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალი საკმარის ოდენობაზე ჰქონდეს იმისთვის, რომ რაიმე კრიზისულ მომენტში თავი დაიცვას. გადაწყვეტილება გამოწვეულია, იმით, რომ შემცირდეს რისკები ქართული ბანკებისთვის, რომ მათ არ დაემუქროს რაიმე საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის ბანკზე გასესხებული თანხის დაბრუნების პრობლემა წარმოიქმნება. როგორც წესი, ასეთი პრობლემები არ იქმნება, თუმცა საზედამხედველო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური ბანკები იზღვევენ თავს“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

როგორც მანვე აღნიშნა, რეგულაცია ემსახურება რისკების შემცირებას და ის ხელს არ შეუშლი საქართველოში არსებული სისტემური ბანკების საქმიანობას.

„გადაწყვეტილება ბანკებს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის, ეს არის მათი დაცვისთვის. სისტემური ბანკი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასეთი სამი ბანკი გვყავს სულ, „ლიბერთი“, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. ეს ბანკები იმდენად დიდები არიან, იმდენი მომხმარებელი და მეანაბრე ჰყავთ, რომ რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული. საქართველოს ორი სისტემური ბანკი წარმოდგენილია სომხეთსა და უზბეკეთში. მაგალითად, რეგულაცია ემსახურება იმას, რომ ჩვენმა ბანკებმა დეპოზიტარების ფულით უზბეკეთისა და სომხეთისა ბანკებზე იმაზე მეტი სესხი ვერ გასცენ, ვიდრე რისკების დასაზღვევადაა საკმარისი“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მერი ტაბატაძე