თბილისში პარკირებაზე 10 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 14 703 767 ლარს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 14 703 767 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 15 364 075 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად მაჩვენებელი შემცირებულია.
ამასთან, ამ მონაცემებით ირკვევა, რომ მხოლოდ ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტში თბილისის მასშტაბით, არასწორი პარკირების გამო დაწერილი ჯარიმებით 1 092 283 ლარი შევიდა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 189 165 884 ლარი შევიდა, წინა წლის 10 თვეში - 179 250 931 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.