„რუსეთის ეკონომიკის კრიზისს საქართველოზე ზოგიერთ სექტორზე გავლენა ექნება, მაგალითად, შეიძლება შემცირდეს ღვინის ექსპორტი, მაგრამ მთლიან ეკონომიკას ეს ვერ დაანგრევს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა რუსეთში სტაგფლაციის პროგნოზზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა დივერსიფიცირებულია და რუსეთის პრობლემები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ ჩამოაქცევს.
„რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის და გასაგებია, რომ მისი ეკონომიკური კრიზისი ჩვენთვის კარგი არ იქნება. თუმცა საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ამიტომ რუსეთის კრიზისი დამაზიანებელი იქნება, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას ვერ ჩამოაქცევს.
არის რაღაცები, რაშიც რუსეთზე ვართ დამოკიდებული. მაგალითად, ხორბლის, ფქვილის, ნავთობის ან გაზის იმპორტი, მაგრამ საერთო ჯამში, რუსეთზე დამოკიდებული ეკონომიკა არ გვაქვს. ამიტომ, განსაკუთრებულ კატასტროფას მე არ ველოდები. სხვა ყველაფერი თუ კარგად იყო, რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევა, საქართველოს მნიშვნელოვნად ვერ დააზარალებს“, - განმარტა ეკონომისტმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ყირგიზეთში გაზრდილი რეექსპორტი, რომელიც შემდეგ რუსეთში ხვდება.
„წინასწარ რთული სათქმელია, როგორ სატარიფო პოლიტიკას აირჩევს რუსეთი მომდევნო წლებში. ამ გადაწყვეტილებას უფრო პოლიტიკური მიზეზი ექნება და ამით განსაზღვრავს რუსეთი რა დაგვიწესოს და რა არა. ჩვენ გვაქვს ექსპორტი რუსეთში, რომელშიც არის პირდაპირი და არაპირდაპირი ექსპორტი.
როცა ვხედავთ, რომ ძალიან გაზრდილია საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტი, როცა წინა წლებში საერთოდ არ იყო, ვიცით, რომ ეს პროდუქცია რუსეთში გადის. მათ შორის არის სანქცირებული პროდუქცია ან ისეთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა რაღაცაში შეიძლება იყოს გამოყენებული. ეგეთი პროცესები უფრო პრობლემა მგონია, ვიდრე რუსეთში კრიზისი. მაგის გამო თუ ჩვენ საერთაშორისო სანქციებში მოვექცევით, ეგ უფრო შეგვიქმნის პრობლემას. ამიტომ ცალკე აღებული რუსეთი საქართველოსთვის გადამწყვეტი მოვლენების საფუძველი ვერ გახდება“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
იხილეთ აგრეთვე
რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში სტაგფლაციას პროგნოზირებს