„სანამ უკიდურეს ზომას არ იღებს დარღვევა დამსაქმებელთა მხრიდან, ადამიანები სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან თავს იკავებენ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებული სასამართლო დავების უდიდესი ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა, დასაქმებულები დამსაქმებლებს უჩივიან შემდეგი მიზეზებითაც: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა, სახელფასო დავალიანება, შრომითი ხელშეკრულების არარსებობა ა.შ
„სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შემთხვევები შედარებით მცირეა, იმ პრობლემებთან შედარებით, რაც არსებობს. სამართლებრივი მექანიზმებს ძირითადად მოქალაქეები მიმართავენ გათავისუფლების შემთხვევებთან, სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით - ამის შემდეგ დავებში მოდის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წილი, დისკრიმინაციული მიდგომები და ა.შ.
რეალურად პრობლემები სამუშაო ადგილებზე გაცილებით ბევრია, მაგალითად, დღემდე პრობლემურია ადამიანს ჰქონდეს წერილობითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი ვადებით. კვლავ გამოწვევად რჩება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ეს კი მაშინ, როცა, ფაქტობრივად, ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა მიმართულება ზეგანაკვეთურ შრომას იყენებს, თუმცა მისი ანაზღაურების საკითხი პრობლემაა. როგორც წესი, არის ხოლმე უმნიშვნელოდ მომატებული ტარიფები ან არის შემთხვევები, როცა საერთოდ არ ხდება ანაზღაურება“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ პრობლემურია შრომითი უსაფრთხოების საკითხები როგორც სამშენებლო და მძიმე მრეწველობის კუთხით, ასევე მომსახურების სფეროშიც.
„ამასთანავე, პრობლემურია ის კლიმატური პირობები, სადაც მოქალაქეები მუშაობენ, ოფისის ტექნიკური აღჭურვა, საკმარისი სამუშაო სივრცე - შეიძლება ოფისი ისეთი გადატვირთული იყოს, რომ კადრებისთვის საკმარისი სივრცე არ იყოს, თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ და ხელი ეშლებოდეთ მუშაობაში.
ხშირია როდესაც დასაქმებულები აფიქსირებენ პოზიციებს შრომით პირობებთან დაკავშირებით და ეს ხდება დამსაქმებელთა მხრიდან მათი დევნის მიზეზი. ზოგჯერ ამის გამო დასაქმებულებმა შესაძლოა, ვერ ისარგებლონ „ბენეფიტებით“ და ვერ დაწინაურდნენ. გვაქვს, სამწუხაროდ, ფიზიკური ძალაობის შემთხვევებიც. ახლაც გვაქვს მიმდინარე საქმეები სასამართლოში, როდესაც დამსაქმებლის მხრიდან მოხდა დასაქმებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობა“, - დასძინა მან.
რაც შეეხება სასამართლო დავების კუთხით არსებულ პრაქტიკას, ლიპარტელიანის თქმით, მიუხედავად სისტემური ხარვეზებისა, ბოლო 8-9 წელში შრომითი უფლებების დაცვის ნაწილში სასამართლოში არსებული სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა.
„ჩვენი ორგანიზაციის დავების 98% მაინც სრულდება დასაქმებულთა სასარგებლოდ და ზოგადი სტატისტიკით შრომის დავებში 70% მთავრდება დასაქმებულთა სასარგებლოდ (წელს გააჩნია). ეს არის შედეგი საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც ეტაპობრივად, არასაკმარისი, მაგრამ მცირე მაინც გვქონდა. ამაში ასევე როლი შეიტანა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ მოსამართლეთა გადამზადებამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ის დადებითი შედეგები, რაც გვაქვს კანონმდებლობაში, დიდწილად დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესებთან. რომ არ ყოფილიყო ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან და კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეს ცვლილებებიც არ გვექნებოდა“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.