„თუ საქართველო არაფერს გააკეთებს, შესაძლოა ეს ნიშა დავკარგოთ,“ - ქვეყანაში ღვინის ტურიზმის დაკარგვის საშიშროებაზე ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„გარშემო სულ კონკურენტი ქვეყნები გვყავს, მაგალითად სომხეთი, რომელიც ძალიან აქტიურია ამ მხრივ და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. თურქეთი, რომელიც ამბობს, რომ არის უძველესი ვაზისა და მევენახეობის ქვეყანა და ა.შ. ამიტომ, თუ საქართველო არაფერს გააკეთებს, შესაძლოა ეს ნიშა დავკარგოთ, თანაც ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდის,“ - აღნიშნა მან.
თაბაგარის თქმით, ღვინის კულტურა არ არის გათვლილი ინდუს და ჩინელ ტურისტებზე და ეს სფერო ევროპელ ტურისტებს აინტერესებთ, რომლებიც აქ ჩამოსვლამდე წინასწარ ეცნობიან ამ თემას.
„რისთვის ემზადებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში კერძო სექტორი? ვისთვის აშენდა 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები? რატომ გაიხსნა ამდენი მარნები? მათთვის, ვისაც ქართული ტურიზმი და ღვინო არ აინტერესებთ? ბევრი კითხვაა და პასუხი არ არის.
ასე კატეგორიულად თქმა, რომ ჩინელ, ინდოელ და არაბული სამყაროდან ჩამოსულ ტურისტებს ქართული ღვინო და კულტურა არ აინტერესებთ, ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან არანაირი სტატისტიკა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრმა მარანმა, რომელიც კახეთის რეგიონში მობილიზებული იყო იმისთვის, რომ მიეღო ვიზიტორები, კარგად ვერ იმუშავა. ეს არის სხვა კატეგორია და ნორმალური ქვეყნები ამას წინასწარ სწავლობენ.
ჩვენთან არის ქაოსი - ვამბობთ, რომ ევროპა გვინდა, მაგრამ რეალურად საპირისპიროდ ვიქცევით. ევროპელი ტურისტები, სანამ ჩვენთან ჩამოვლენ, წინასწარ ეცნობიან აქაურ კულტურას, იციან სად უნდა წავიდნენ და რა გააკეთონ. არაბ და ინდუს ტურისტებს კი მოსწონთ შუშის ხიდები, ატრაქციონები. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ამასაც თავისი სახელი უნდა დაერქვას,“ - განაცხადა ია თაბაგარმა.