ოქტომბერში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 178.6 ათასი ლარი შევიდა - წლის განმავლობაში 138 680-მდე ჯარიმა გამოიწერა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 753 562 ლარი შეადგინა, რაც 333 765 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, აღნიშნულისთვის 3 087 325 ლარის ჯარიმა დაიწერა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ყველაზე ნაკლები ჯარიმა იანვარსა და ოქტომბერში გამოიწერა. ბიუჯეტის მიხედვით, წლის პირველ თვეს უბილეთო მგზავრობისთვის 165 416 ლარი გამოიწერა, ოქტომბერში კი 178 604 ლარი. რაც შეეხება სხვა თვეებს, ჯარიმების მოცულობა 240 000-დან 382 ათასამდეც კი ასულა.

უბილეთო მგზავრობიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა თვეების მიხედვით: (2024 წლის სტატისტიკა):

  • იანვარი - 165 416 ლარი
  • თებერვალი - 381 684 ლარი
  • მარტი - 341 205 ლარი
  • აპრილი - 348 755 ლარი
  • მაისი - 251 879 ლარი
  • ივნისი - 246 512 ლარი
  • ივლისი - 326 235 ლარი
  • აგვისტო - 251 101 ლარი
  • სექტემბერი - 262 151 ლარი
  • ოქტომბერი - 178 604 ლარი

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

2024 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობას თუ ავიღებთ და დავუშვებთ, რომ პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში გადაიხადეს, გამოდის, რომ წლის განმავლობაში ამ დარღვევისთვის 137 680-მდე ჯარიმა გამოიწერა.