„10 წელში, ქვეყანა დატოვა 15 წლის ზემოთ ასაკის 200 000 ადამიანმა - ეს რიცხვი ჩანაცვლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით“

„ოფიციალურ მონაცემებს თუ შევხედავთ, უმუშევრობა მცირდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუმცა რამდენად არის ეს შესაბამისობაში კერძო სექტორის გააქტიურებასთან ან ეკონომიკის ზრდასთან, ეს სხვა საკითხია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის შემცირება უმეტესწილად განპირობებული იყო სახელმწიფო სექტორში ზრდის ხარჯზე, დაახლოებით 24% იყო გაზრდილი ბოლო წლებში. ბოლო 10 წელში უარყოფითი სალდო საქართველოს მოქალაქეებში იყო დაახლოებით 200 000, ვგულისმობ 15+ ასაკის ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს საქართველო და ეს რიცხვი ჩანაცვლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, თუ ქვეყანას უმუშევარი მოსახლეობა ტოვებს, ეს დადებითად უნდა ისახებოდეს ყველაფერზე.

„თუ სამუშაო ძალა იკლებს და ქვეყანას ტოვებს უმუშევარი მოსახლეობა, ლოგიკურად ეს დადებითად უნდა ისახებოდეს. ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა რომ 24%-ით მოიმატა, ესეც დადებითად უნდა აისახებოდეს. რაც შეეხება კერძო სექტორს, 2%-იანი ზრდა გვაქვს.

პანდემიის მერე კერძიო სექტორის ნაწილში დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ საუბარია თვითდასაქმებულების ხარჯზე. უმუშევრობის შემცირებულ მაჩვენებელზე აქ ჩამოსახლებული რუსებიც აისახება, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ბიზნესი წამოიწყეს და აქ დამკვიდრდნენ. ამიტომ, რამდენად არის რეალურად საქართველოში უმუშევრობა შემცირებული, ღრმა ანალიზს საჭიროებს,“ - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ცნობით, 2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, 2024 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა.

ეკა დარჩიაშვილი