ამერიკელ ბიზნესმენს Nord Stream 2-ის შეძენა სურს

ამერიკელმა ინვესტორმა მაიამიდან, სტივენ ლინჩმა გამოთქვა სურვილი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია Nord Stream 2-ის მილსადენი შეიძინოს აუქციონზე, თუკი კომპანია გაკოტრდება.

ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

ლინჩი ამ შესყიდვას ევროპის ენერგომომარაგებაზე ამერიკული კონტროლის დამყარებით, ასევე, უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში რუსეთზე ბერკეტად განიხილავს.

Wall Street Journal-ის ცნობით, სტივენ ლინჩი ორი ათეული წელია, მოსკოვში ბიზნესს ეწეოდა. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გამო ის მილსადენის მარტივად შეძენას ვერ შეძლებს, რისთვისაც მას თეთრი სახლის ნებართვა დასჭირდება.

გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის 100%-იანი მფლობელი „გაზპრომია.“ უკრაინის ომის დაწყებამდე პროექტში „გაზპრომის“ პარტნიორი ევროპის ხუთი ენერგეტიკული გიგანტი იყო, როგორიც არის ბრიტანული Shell, ავსტრიული OMV, ფრანგული Engie და ორი გერმანული კომპანია, Uniper და Wintershall. პარტნიორები გაზსადენის მშენებლობას 50%-50%-ით აფინანსებდნენ. გაზსადენის მთლიანი ღირებულება 10 მლრდ ევროს შეადგენს.

ცნობისათვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო გერმანიაში რუსული მილსადენით გაზის მიწოდება აღარ განიხილება. 2022 წლის სექტემბერში აფეთქების შედეგად მილსადენი ნაწილობრივ დაზიანდა და კომერციულ ექსპლუატაციაში არასდროს შესულა. 1,200 კილომეტრზე მეტი სიგრძის გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე სატრანზიტო ქვეყნების, კერძოდ, უკრაინას, ბელარუსის, პოლონეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირა სახელმწიფოების გვერდის ავლით გადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ