ლუკაშენკო მზადაა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას. იგი ახლა 70 წლისაა.

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი პირველად 30 წლის წინ, 1994 წელს გახდა. მისი მეექვსე საპრეზიდენტო ვადა ახლა იწურება. პოლიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის იანვარში გაიმართება, თუმცა 2020 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ პირობა დადო, რომ ამ პოსტს აღარ დაიკავებდა.

2020 წელს ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. გამოცხადებული მონაცემებით, ლუკაშენკომ 80,1% დააგროვა, მისმა მთავარმა მეტოქემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10,1%. ათასობით ადამიანის საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაუმორჩილებლობის აქციები საწარმოებზეც გავრცელდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებს მასიური რეპრესიებით უპასუხა.