„სარესტორნო ბიზნესს ყველაზე დიდი დარტყმა კორონავირუსის პანდემიამ და სამი მუშკეტერის უვიცობამ. ამ „დაკეტე-დაკეტეს“ გამო, არაერთი ბიზნესი განადგურდა, მაგრამ ყველაზე მეტად დაზარალდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სექტორი იმდენად დააზარალა, რომ პირველი ეფექტი კომპანიების დაახლოებით მესამედის დახურვა იყო. სახელმწიფოს კი ამ სექტორის დახმარებისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.
„პანდემიამდე დაახლოებით 10-11 ათასი კომპანია იყო სარესტორნო ბიზნესში და კოვიდის შემდეგ გარკვეულ პერიოდში უკვე 6500 თუ 6800 დარჩა. პირველი დარტყმის შედეგად დაახლოებით 1/3 განადგურდა. თუმცა, ეს პროცესი იყო დროში გახანგრძლივებული. ზოგიერთი კომპანია დაიხურა 6 თვეში, ზოგი 1 წლის მერე. მთავარი მიზეზი კი სწორედ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები გახდა, რაც ჩემი აზრით უგუნურობა იყო.
მთელი მსოფლიო ეხმარებოდა ამ ბიზნესს სხვადასხვა გზით, დოტაციებით, იჯარებით თუ სხვა მეთოდებით. ჩვენთან კი მოგვიგდეს დაახლოებით 5000 ლარი და ეს იყო და ეს. გავნადგურდით, ფაქტობრივად. პირველი სერიოზული შრომითი მიგრაცია ჩვენი სექტორიდან სწორედ მაგ პერიოდში მოხდა. ეს ყველაფერი იყო კორონავირუსის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამოძახილი. სხვა ფაქტორებმა მხოლოდ ძალიან მცირე როლი ითამაშეს“, - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.