ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ქართული ბაზრის ტენდენციებსა და გამოკვეთილ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბაზარზე შესვლისთვის არანაირი კვალიფიკაცია და რეგულაციების დაკმაყოფილება საჭირო არ არის, ამიტომ მოვაჭრეები, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ, სხვა, პროფესიონალ დილერებს მარტივად რომ ვთქვათ, საქმეს უფუჭებენ. ამავდროულად, საკმაოდ გაზრდილია კონკურენცია ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. ეს ორი ფაქტორი კი ბევრ დილერს ბაზრის დატოვებას აიძულებს.
„პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს არის თავისუფალი ბაზარი, რომელზეც შემოსვლა ნებისმიერს შეუძლია. ამაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული და არ გვაქვს საქმე ბუნებრივ მონოპოლიასთან. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა კონკურენცია ყაზახი და ყირგიზი დილერების მხრიდან, რამაც გამოიწვია ის, რომ ქართველი დილერები და ქართული კომპანიები ტოვებენ ბაზარს. ეს ორი ძირითადი ფაქტორია, რაც ამ სექტორში განსაზღვრავს არსებულ ნეგატიურ ტენდენციას.
ამ ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უშლიან დილერები, რომლებიც შემოდიან პროცესში, მხოლოდ ერთეულ ავტომობილებს ყიდიან და გადიან. ისინი ხშირად არაკვალიფიციურები არიან, რის გამოც ბაზარს მალევე ტოვებენ წაგებით. შესაბამისად, ამ მოვაჭრეების მხრიდან ასეთი არაპროფესიონალიზმის პირობებში სტაბილური მიწოდება ვერ იქნება და ისინი ამით სხვა დილერებს უხერხულობას და პრობლემებს უქმნიან. ხშირად ისინი, ავტომობილებს ღირებულებაზე დაბალ ფასს ადებენ, რაც შემდეგ უკვე ხელს უშლის სხვებს და მეტად კვალიფიციური დილერების გაკოტრებას იწვევს.
ეს შეიძლება მყიდველისთვის პირველ ეტაპზე კარგიც იყოს, რადგან ის იაფად ყიდულობს პროდუქტს, მაგრამ ამას მოკლევადიანი ეფექტი ექნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ბაზარი შეიძლება მოკვდეს და დაიხუროს. ამის გამო, შეიძლება ვეღარ შევინარჩუნოთ ის მასშტაბები, რა მასშტაბზეც ადრე ვმუშაობდით და ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია დაკარგოს“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
მისი თქმით, არსებობს ორივე ფაქტორის გავლენის შემცირების სხვადასხვა გზები, თუმცა გარკვეული ცვლილებებისთვის ბაზრის წევრები მზად არ არიან. ასევე, აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორთა ასოციაციას შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა მთავრობასთან, რა დროსაც გაირკვა, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ჩარევას არ აპირებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას ბაზარი დაარეგულირებს.
„ის, დოვლათი, რომელსაც ქვეყანაში ავტოიმპორტიორები მანქანების ჩამოყვანით და აქ ავტოსერვისის მოხმარებით ქმნიდნენ, შესაძლოა, ვეღარ შეიქმნას. საუბარია ავტომობილების რემონტზე და საჭირო სერვისებზე. ამის წილი მშპ-ში შეიძლება დაიკარგოს. ამიტომ, სასურველია, რომ დილერების კვალიფიკაცია გაიზარდოს. მაგალითად, მოხდეს მათი სერტიფიცირება და გარკვეული კვალიფიკაციის პირებზე გაიცეს ნებართვები. თუმცა, ამისთვის ბაზარი და მისი მონაწილე დილერებით თუ კომპანიები მზად არ არიან.
თუ ვისაუბრებთ სახელმწიფოს როლზე, როგორ შეიძლება მან ხელი შეუწყოს დარგს მუშაობაში, ზოგადად, ასეა, რომ ქვეყნები მაღალი დონის შეხვედრებზე საუბრობენ ასეთ საკითხებზე. თანხმდებიან, ვისთვის რა არის პრიორიტეტი და იმის მიხედვით თანამშრომლობენ.
რამდენიმე თვის წინ, ავტოიმპორტიორებთა ასოციაციის შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან, გაირკვა, რომ ეს დარგი პრიორიტეტული არ არის და ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვებია. ამიტომ, გვაქვს მოცემულობა, რომ ამაში სახელმწიფო არ ჩაერევა და ბაზარი თავისი წესებით, თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.