ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, მათ შორის ბუქარესტშიც, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა - ანგელა მერკელი

ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერგელმა გამოცემა Spiegal-თან მისი მემუარების გამოსვლასთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას შეგრძნება, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მისი გადაწყვეტილების გამო ის რუსეთ-უკრაინის ომისთვის „განტევების ვაცად“ გამოყავთ, ყოფილმა კანცლერმა უპასუხა: „ეს უბრალოდ შეგრძნება არაა, ეს სიმართლეა“.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაგალითად, მოგვიწოდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის და მე ბუჩაში ჩავსულიყავით საშინელი ჟლეტის მერე, თვალსაჩინოა, იმ აზრით, რომ ბუქარესტში ჩვენი პოზიცია პასუხისმგებელი იყო ბუჩაში მსხვერპლისთვის”, - განაცხადა მერკელმა.

ყოფილი კანცლერის თქმით, ის „აღფრთოვანებულია ზელენსკის სიმამაცითა და გამბედაობით” ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ბუქარესტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს არ ეთანხმება.

„გაფრთხილებას ვაძლევდი კვლავ და კვლავ, მათ შორის 2008 წელს ბუქარესტშიც: პუტინს საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია - და, რა თქმა უნდა, მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. აქედან ის დასკვნას აკეთებს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შესახებ და ცდილობს, სადაც კი შესაძლებელია, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კონტროლის ქვეშ დაიჭიროს კონფლიქტების გაღვივებით. მართალი ვიყავი ჩემს გაფრთხილებაში. ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა“, - განაცხადა მერკელმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიტანა მან დასკვნები თუ მკაფიოდ იაზრებდა იმას თუ რაზე წამსვლელია პუტინი, ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ დასკვნები გააკეთა.

„ჩემი აზრით, საჭირო იყო რუსეთთან კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება გვეცადა. იმავდროულად ჩვენ შეკავების პრინციპი გავაძლიერეთ… 2014 წელს უელსში ნატოს სამიტზე მიზანი იქნა დაყენებული, რომ ყველა ქვეყანას თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაეხარჯა. ვაღიარებ, რომ ენერგიულობა, რომლითაც ეს მიმდინარეობდა, შეზღუდული იყო”, - განაცხადა მერკელმა.