„რეალისტურად მივიჩნევთ მიზანს - ჩვენი ენერგეტიკის დადგმული სიმძლავრე 2030 წლისთვის გავაორმაგოთ“ - ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტამბოლის ენერგეტიკული ფორუმის მინისტერიალის პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გლობალურ ენერგეტიკულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის პროცესში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველყოფისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მან აქცენტი გააკეთა ტრანსსასაზღვრო გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნებს შორის ენერგოვაჭრობის ხელშეწყობაზე.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეგიონის ქვეყნებს შორის შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზებაზე, რაც ასევე შეუწყობს ხელს ენერგოვაჭრობას რეგიონში. ენერგომომარაგებასა და ენერგიის ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ფუნდამენტური ფაქტორია, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნების კეთილდღეობაზე," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელად ისაუბრა მთავრობის მიერ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობის პოლიტიკაზე.

„შეიძლება ამბიციურიც იყოს, მაგრამ საკმაოდ რეალისტურად მივიჩნევთ ჩვენ მიერ დასახულ მიზანს - ჩვენი ენერგეტიკის დადგმული სიმძლავრე 2030 წლისთვის გავაორმაგოთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკა თითქმის გავაორმაგეთ. წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,8%-ია, რაც იმ მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომელიც განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტს წარმოადგენს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების ხელშეწყობის ეფექტურ სქემებზე, მათ შორის, სიმძლავრის აუქციონებსა და ე.წ. CFD ფასების შეთავაზებაზე.

„ჩვენ ძალიან ხელსაყრელი ბიზნეს გარემო გვაქვს მინიმალური ბიუროკრატიით და ენერგეტიკის დარგის ინვესტორების წახალისების სხვადასხვა მექანიზმით. ვფიქრობ, შევძლებთ, გავზარდოთ ჩვენი ენერგოსექტორი. საქართველოში 26,000 მთის მდინარეა და შესაბამისად ჰიდროენერგიის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს და ამ ეტაპზე მისი 20%-იც არ არის გამოყენებული, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ძალიან ჩამორჩება. ამიტომ, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ჰიდროსადგურების რაოდენობა და გავაფართოოთ ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება. ვფიქრობ, ქარისა და მზის ენერგიის წარმოება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში მეტად განვითარდება. თუმცა მწვანე ენერგიაზე სრულ გადასვლამდე თბოელექტროსადგურების საჭიროებას ვაცნობიერებთ და შესაბამის პროექტებსაც ვახორციელებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მსხვილ საინვესტიციო პროექტზე, რომლებიც ე.წ. PPP (საჯარო კერძო თანამშრომლობის) მექანიზმით ხორციელდება, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან.

„ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის დაკავშირებადობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ ვართ ყველა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივების მონაწილეები და კვლავაც გავაგრძელებთ მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალის პანელურ სესიაზე რეგიონში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ასევე ისაუბრეს თურქეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უნგრეთის, ლიბიის, მოლდოვას, სერბეთისა და უზბეკეთის მინისტრებმა.