„დღგ-ის გადასახადის ზღვარი მინიმუმ 500 000-მდე უნდა აიწიოს, რადგან ცხოვრება მინიმუმ 5-ჯერ არის გაძვირებული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესის ხელშეწყობაზე უნდა ზრუნავდეს და არა მისგან რაც შეიძლება მეტი გადასახადის ამოღებაზე.
„საქართველოში დღგ-ის გადასახადი არის 100 000 ლარიდან და ეს ნიხრი დაწესდა მგონი, 15-20 წლის წინ. მას შემდეგ, როგორი ინფლაცია და ეკონომიკური ცვლილებები მოხდა საქართველოში, როგორი იყო ადრე ლარი და ახლა როგორია, რამდენი იყო გადასახადები, საიჯარო თუ კომუნალურები და ა.შ. ეს ზღვარი კი არ შეცვლილა. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მთავრობასთან შეთავაზება, რომ ეს ნიხრი უნდა აიწიოს, მინიმუმ 500 000-მდე, რადგან მინიმუმ 5-ჯერ არის ცხოვრება გაძვირებული ამ პერიოდში.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბიზნესი ცოტათი მაინც გამყარდეს პოზიციებში. ბიზნესი ფეხზე მყარად უნდა დადგეს, უნდა გაუმაგრდეს ფეხები, რომ მერე შეეხიდოს სახელმწიფოს. დღგ-ის გადახდა სახელმწიფოს დახმარებაა და ბავშვი ფეხზე კარგად ვერ დადის და შენ კიდე ჭაპანი გამოაბი და ეზიდეო ეუბნები. ეს არასწორი მიდგომაა.
ამ ქვეყანაში არ არსებობს დახმარება, ხელის წაშველება. უცხოეთში ოღონდ სამუშაო ადგილები შექმნას კომპანიამ, მას ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ იქნებ წინ წავიდეს. ჩვენთან პირველივე დღიდან იმას ცდილობენ რამე ამოგქაჩონ და ყელიდან ამოგიღებენ საჭმელს“, - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.