ქართული ღვინის ექსპორტი 7.6%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გავიდა 81 349 ტონა ქართული ღვინო (236 მილიონი აშშ დოლარის), ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 75 624 ტონა (216 მილიონი დოლარის ღირებულების).
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი (გადასახადების გარეშე) 2.9 დოლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ათ თვიან ჭრილში ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი.
მაგალითისთვის, წელს ევროკავშირში საქართველომ 26.8 მილიონი დოლარის ღირებულების 8 488 ტონა ქართული ღვინო გაყიდა, რაც დსთ-ში განხორციელებულ საექსპორტო მაჩვენებლებს თითქმის 8-ჯერ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქაც ისტორიული მაჩვენებელი ფიქსირდება. საქსტატის თანახმად, წელს ათ თვეში აღნიშნულ საექსპორტო ბაზრებზე 67 849 ტონა ქართული ღვინო გავიდა, რის ჯამურმა ღირებულებამაც 187.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება ფასებს, დსთ-ს ქვეყნებში 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 39 ცენტრით უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. EU-ში ქართული ღვინის ექსპორტო გადასახადების გარეშე 3.16 დოლარი ჯდება, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში 2.77 დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალი ირლანდიაშია და 10.4 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი პოლონეთშია და 2.5 დოლარს უტოლდება.
დსთ-ს ქვეყნებიდან კი 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთშია და 4.4 დოლარს აღწევს, ყველაზე დაბალი კი თურქმენეთშია და 2.6 დოლარს შეადგენს.