თბილისში ტაქსის 26 735 აქტიური ნებართვაა - რა ღირს ლიცენზია

2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დედაქალაქში ტაქსის 26 735 აქტიური ნებართვა ფიქსირდებოდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში აქტიური ნებართვებიდან 20 100 - A კატეგორიის ტაქსიზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი 6 636 - B კატეგორიის ნებართვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ B კატეგორიის ნებართვებიდან - 6 175 მიმდინარე წლის ათ თვეში გაიცა.

რაც შეეხება A კატეგორიის ნებართვებს, მისი უსასყიდლოდ გაცემა 2023 წლის 1-ელ აპრილამდე განხორციელდა. მაშინ სულ 35 558 უვადო ლიცენზია გაიცა, საიდანაც აქტიური მხოლოდ ზემოთ აღნიშნული 20 100 ნებართვაა.

ცნობისთვის, B კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა 1 წლის ვადით ხორციელდება.

რა ღირს ტაქსის ლიცენზია?

licenzia.ge-ს პორტალზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ტაქსის ლიცენზიის ყიდვის ფასები განსხვავებულია, 250 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 1200 ლარს აღწევს. რაც შეეხება ქირაობას, ფასი 300 ლარამდე მერყეობს.

მერი ტაბატაძე