„ბრმა პაემნები“ და ბინები წყვილებისთვის - როგორ ცდილობენ ქვეყნები მოსახლეობის დაბერებასთან გამკლავებას

მოსახლეობის დაბერების პრობლემას ბევრი ქვეყანა განიცდის. შობადობის კლება, დემოგრაფიის შემცირება და ძირითადად დაბერებული მოსახლეობა უკვე ბევრისთვის არის გამოწვევა.

ნაყოფიერების კოეფიციენტი (TFR) ერთი ქალის მიერ გაჩენილი შვილების რაოდენობით იზომება. იმისთვის, რომ ქვეყნებმა შობადობის სასურველი დონე შეინარჩუნონ, ახალშობილთა სიკვდილიანობის გათვალისწინებით, წყვილზე საშუალოდ 2 ახალი სიცოცხლის დაბადება უნდა მოდიოდეს.

The Lancet-ში ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, ვარაუდობს, რომ საუკუნის ბოლომდე მხოლოდ ექვსი ქვეყანა დარჩება მსოფლიოში, რომელსაც შობადობის მაღალი ან ნორმალური მაჩვენებელი ექნება.

ეს საკითხი უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს უქმნის მსოფლიოს.

საინტერესოა, როგორ ცდილობენ ქვეყნები პრობლემასთან გამკლავებას:

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტმა (IHME) დაადგინა, რომ გლობალურად შობადობა (TFR) 2050 წლის შემდეგ 1,83%-მდე დაეცემა.

ნაყოფიერების შემცირების მიზეზები ბევრია, მაგრამ ზოგიერთი არის ერის განვითარების დონე, ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია და კარგი ჯანდაცვა. თუ სახელმწიფოს ეს სამი საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვს, შობადობის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

განვითარებას მოაქვს ურბანიზაციაც. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ნახევარზე მეტი ახლა ქალაქებში ცხოვრობს. საცხოვრებელი პირობები კი ყველასთვის განსხვავებულია - ქალაქებში მცხოვრებთა უმეტესობას არ აქვს კარგი საცხოვრებელი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობა.

IMHE-ს კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შობადობის ვარდნა გამოიწვევს გასაოცარ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. მუშახელის დეფიციტი კრიზისს შექმნის. ხანდაზმული მოსახლეობა კი ვერ შეძლებს წარმატებული კურსის შენარჩუნებას.

როდესაც ეკონომიკა იკლებს, რეცესია შეიძლება გახდეს რუტინული და საფონდო ბაზრები სავარაუდოდ დაეცემა. ამას მოსდევს ინვესტორების გაქცევა და საბოლოოდ შესაძლოა, ქალაქები სრულიად გაქრნენ.

რას აკეთებენ ქვეყნები ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

რამდენიმე ქვეყანამ განსაკუთრებული ღონისძიებები გაატარა. სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ქალაქში, ადგილობრივმა მმართველობამ მასობრივი ბრმა პაემნები გამართა, სადაც მისულებს ღვინითა და შოკოლადებით გაუმასპინძლდნენ. მიზანი ადამიანების დაწყვილება იყო.

ქალაქი მილიონ ვონს (დღევანდელი კურსით 715 დოლარი) სთავაზობს ყველა წყვილს, რომლებიც ბრმა პაემნის შედეგად დაწყვილდებიან. ხოლო დაქორწინების შემდეგ 20 მილიონ ვონს (14 300 დოლარი) გადასცემს.

უნგრეთმა ახალგაზრდა დაქორწინებულ წყვილებს შესთავაზა სუბსიდირებული სესხები, ხოლო თუ სამ ან მეტ შვილს გააჩენენ, სესხი გაუნულდებათ.

ტაივანის მთავრობა გვთავაზობს ახალ კანონს, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას სუროგატი გამოიყენოს. სახელმწიფო თანხის ნაწილს ანაზღაურებს.

სინგაპურს ახლად დაქორწინებულებს და მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს გადასცემს. ასევე მთავრობამ 2008 წელს შემოიღო საჯარო თანადაფინანსება დამხმარე რეპროდუქციის მკურნალობისთვის, როგორიცაა ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF). ნებისმიერ წყვილს შეუძლია მიმართოს ამ გზას, თუ წყვილიდან ერთი მაინც სინგაპურის მოქალაქეა. 2020 წელს მთავრობამ 45-წლიანი ასაკობრივი ზღვარი მოხსნა. უფრო მეტიც, ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ სურთ შვილები, შეუძლიათ კვერცხუჯრედების გაყინვა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი