„დამწყები კადრების ანაზღაურება 900-1000 ლარის ფარგლებშია - ამ კატეგორიის ადამიანები უფრო წავლენ ქვეყნიდან“ - ჰოტელიერი

„საქართველოში კვალიფიციური კადრის ანაზღაურება, იმდენად მაღალია რომ, არ მგონია, წავიდეს [ემიგრაციაში],“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სექტორში კვალიფიციური კადრების ანაზღაურება 3000 ლარიდან იწყება. მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ემიგრაციაში წავიდნენ დამწყები კადრები, რომელთა ანაზღაურებაც 900-1000 ლარის ფარგლებშია.

„კვალიფიციური კადრი დღეს საქართველოში ხელფასს იღებს 3 000 ლარიდან, აქედან გამომდინარე, ყველა არ გარისკავს რომ უცხოეთში წავიდეს და უფრო დაბალი საფეხურიდან დაიწყოს საქმე. ისეც ხდება, როდესაც იმხელა კვალიფიკაცია აქვს, პირდაპირ შეუძლია საზღვარგარეთ საკუთარი პროფესიით დაიწყოს მუშაობა. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ასეთი პირდაპირი გადასვლა, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს კვალიფიციური კადრის შემოსავალს, იშვიათად ხდება.

პანდემიის დროს მოხდა კვალიფიციური კადრების დიდი რაოდენობით გადინება. ახლა იმდენად მაღალია კვალიფიციური პერსონალის ანაზღაურება, რომ, არ მგონია, წავიდეს [ემიგრაციაში]. უცხო ქვეყანაში მაღალკვალიფიციური თანამშრომელი რომ გერქვას და მაღალი ხელფასი გქონდეს, გარკვეული პერიოდია საჭირო, რადგან იქ უნდა ჩაანაცვლო ადგილობრივი, რომელმაც განათლებაც მიიღოს, გამოცდილებაც აქვს და ადგილობრივების ენაზეც საუბრობს.

ის ადამიანები, რომლებსაც 3-4 წლის მანძილზე ნელ-ნელა ვასწავლეთ და დაბალი საფეხურიდან მაღალზე გადავიყვანეთ, წასვლას არ აპირებენ, თუმცა ის კადრი ჭირს, რომელიც პირველ საფეხურზე სასწავლად უნდა აიყვანო. ამ ხალხის გადინება უფრო ხდება იმიტომ, რომ მათთვის ხელფასი საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 900-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვფიქრობ, ამ კატეგორიის ადამიანები უფრო წავლენ ქვეყნიდან,“ - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მერი ტაბატაძე