„არ შეიძლება ტურიზმში მუდმივად ქაოსური სიტუაცია გვქონდეს“ - ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„არ შეიძლება ტურიზმში მუდმივად ქაოსური სიტუაცია გვქონდეს. მაშინ, როდესაც ევროპიდან და ჩრდ. ამერიკიდან ტურისტების შემოსვლა მაქსიმუმს აღწევდა, დიდი ხანია ეს ტენდენცია აღარ არსებობს. უამრავი ინფორმაცია ჩვენამდე არც აღწევს და რეალურად არ ვიცით, ვინ რატომ გააუქმა ჯავშანი და რატომ აღარ ჩამოვიდა საქართველოში.
თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, კონკრეტულად თურქეთს, რომელსაც გათვლილი აქვს ყოველი მომდევნო ტურისტული წელი, ჩვენთან კი ქაოსია და ახლავე ავხსნი რას ნიშნავს ეს ქაოსი. ჩვენი სამუშაო ენა არის ინგლისური და არა ინდური ან ჩინური, ამიტომ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ევროპელი ტურისტები ჩინელი და ინდოელი ტურისტებით და ამისთვის ამ ქვეყნებში ვიზიტებსაც მართავენ, ასეთი გადაწყვეტილებები ანგრევს ტურიზმს“, - განაცხადა ია თაბაგარმა.
მისი თქმით, სომხეთში ჩატარებულ გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოს სპიკერიც კი არ ჰყავდა.
„სომხეთში ჩატარებულ გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სპიკერიც კი არ გვყავდა. ნელ-ნელა საერთოდ აღარსად აღარ ვჩანვართ მთელს მსოფლიოში, სადაც რამე ხდება ღვინის ტურიზმის მიმართულებით.
ტურიზმი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მე არაფერი ამისი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ უნდა ვიყოთ დაცულები იმ მხრივ, რომ როგორც კი რუსეთი შეწყვეტს აქ ჩამოსვლას, ტურიზმი საკმაოდ ცუდ დღეში არ ჩავარდება“, - განაცხადა მან.