ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ავტომატურ სისტემას დაამონტაჟებს

ქუთაისის აეროპორტში ავტომატური სასაზღვრო კონტროლის სისტემის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერში „სიტა ბი.ვი.“-ის საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა. ამჟამად კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ 7 ერთეული საზღვრის კონტროლის ავტომატიზებული ელექტრონული კარიბჭის მიწოდებისა (eGate) და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს. „სიტა ბი.ვი.“ სამუშაოს 1 871 751 ლარად შეასრულებს.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული. მის წილებს ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს „სიტა ბი.ვი.“ ფლობს. კომპანიის დირექტორი საფრანგეთის მოქალაქე სებასტიან ჟან-ლუის პაიეა.

მერი ტაბატაძე