რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი

იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი.

როგორც მის მიერ 2024 წლის ივნისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, მაკა ბოჭორიშვილი ფლობს 2 ბინას თბილისში, რომელთაგან ერთი, 2019 წელს 90 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო მეორე, მიმდინარე წელს 180 000 აშშ დოლარად. ასევე, მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის ღირებულება 77 000 აშშ დოლარია.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილის სახელზეა მემკვიდრეობით გადაცემული საცხოვრებელი სახლის და მშენებარე ბინის 50%-იანი წილებიც.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:"თიბისი ბანკის“ მიმდინარეზე - 2 350 ლარს, 7 317 აშშ დოლარს, 29,27 ევროს, ანაბარზე - 700აშშ დოლარს; ასევე, BELFIUS-ის მიმდინარეზე - 372,41 ევროს, ანაბარზე - 1 611,81 ევროს.

ამავე მონაცემების მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილს გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობიდან ხელფასის სახით 53 004 ლარი აქვს მიღებული.

იხილეთ ასევე: ვინ არის ქალი, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდება?

ნინი ქეთელაური