რუსულ ბენზინზე საექსპორტო აკრძალვა ვადაზე ადრე გაუქმდება

რუსეთი საავტომობილო ბენზინის ექსპორტზე აკრძალვას ვადაზე ადრე გააუქმებს - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

თუმცა ნოვაკი თარიღსა და სხვა დეტალებს არ ასახელებს.

ნოემბრის დასაწყისში ენერგეტიკის სამინისტრომ სტაბილური შიდა ფასების ფონზე შესაძლებლად ჩათვალა, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ვადაზე ადრე მოეხსნა.

რუსეთი წელიწადში, დაახლოებით, 42-43 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს აწარმოებს, საიდანაც 5 მლნ ტონა საექსპორტოა, ხოლო მთელი ექსპორტის 90%-ზე მეტს, როგორც წესი, საავტომობილო ბენზინი, AI-92 შეადგენს. ქვეყნის შიგნით დაბალი მოთხოვნის სეზონზე, კერძოდ, დეკემბერ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ყოველთვიურმა ექსპორტმa შესაძლოა, 0,7 მლნ ტონას მიაღწიოს.

ცნობისთვის: მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა, თუმცა 1-ლი აგვისტოდან ისევ ამოქმედდა და 31 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო-სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ