23 მლნ ტონა წელიწადში - ყაზახეთი საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტს რეკორდულად გაზრდის

ყაზახეთი წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტს 1,5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის.

ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ამჟამად ყაზახეთისთვის ბთჯ-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია.

„როგორც ჩვენი, ასევე, აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან არის ინტერესი ამ მარშრუტზე ყაზახური ნავთობის მოცულობის განვითარებისა და გეგმაზომიერი ზრდის მიმართ,” - აცხადებს მინისტრი.

ის ბთჯ-ის მილსადენით მიწოდების გაზრდის შესაძლო ვადებს არ ასახელებს.

სათკალიევი, ასევე, ამბობს, რომ განიხილება საკითხი ბაქო-სუფსის მილსადენით წელიწადში 3 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტის შესახებ. ამ მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მლნ ტონა ნავთობია. ყაზახეთი ამ მილსადენით ნავთობის მიწოდებას ჯერ არ ახდენს.

ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენისთვის აქტაუს პორტიდან, ძირითადად, Tengizchevroil-ის ნავთობის ექსპორტი კასპიის ზღვის გასწვრივ ტანკერებით შემდგომი ტრანსპორტით ბაქოს პორტამდე ხდება. ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია, რომლითაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის მიეწოდება. მილსადენის საექსპორტო სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი ნავთობია, თუმცა პროექტი საშუალებას იძლევა, სიმძლავრე დღეში 2,2 მლნ ბარელამდე გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ