იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის, ხოლო იუსტიციის მინისტრის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილის.
„ბიზნესპრესნიუსი“ მაკა ბოჭორიშვილის ქონებაზე უკვე წერდა, ამჯერად კი დავით სონღულაშვილის დეკლარაციას გთავაზობთ.
მიმდინარე წლის იანვარში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, დავით სონღულაშვილი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 400 000 ლარად აქვს შეძენილი. ასევე, ორ მიწის ნაკვეთს ტაბახმელასა და კოჯორში, რომელთაგანა ერთში 2007 წელს 5000 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო მეორეში 120 000 ლარი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი დოკუმენტის შევსების მომენტში ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 3 275 ლარს და 6,91 ევროს, ხოლო დანაზოგის სახით 70 000 აშშ დოლარს და 15 000 ლარს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, დავით სონღულაშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, გასულ წელს ხელფასის სახით 52 559 ლარი აქვს მიღებული.