მიკროსაფინანსოების წმინდა მოგებამ 99.6 მლნ ლარს გადააჭარბა

2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 99 604 458 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 მლნ ლარით მეტია. 2023 წლის მესამე კვარტალში სექტორის წმინდა მოგება 90 366 029 ლარი იყო.

ამის შესახებ მისო-ების 2024 წლის მესამე კვარტლის კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებშია აღნიშნული.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 2.320 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 799.253 მლნ ლარს.

სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 363.493 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 320.139 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3.966 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 56.629 მლნ ლარი იყო.

ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური