აფხაზეთის ურბანული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ელემენტის, პალმების პოპულაციას მავნებლების შესევის გამო გადაშენება ემუქრება.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ენტომოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მიხეილ ქირიამ განაცხადა, რასაც “აფსნიპრესი” ავრცელებს.
მისი თქმით, პალმის ხეებს ორი მთავარი მავნებელი ემუქრება, როგორიც არის ცხვირგრძელასებრთა წითელი ხოჭო და პალმის ფარვანა. ამ მავნებლების პოპულაციები, განსაკუთრებით, გაგრასა და ახალ ათონში ჭარბობს.
ამდენად, ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე, პალმის ხეების მწვანე ზონების მქონე სასტუმროების მფლობელებმა იმიდაკლოპრიდის საფუძველზე სისტემური პრეპარატებით ხეების დამუშავება წელიწადში, მინიმუმ, 3-ჯერ უნდა უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქირიას შეფასებით, მავნებლების შესევის ამჟამინდელ პირობებში პალმის მცენარეები ვერ გადარჩებიან.
ქირიას თქმით, დაზარალებული ხეები ეცემა და ისინი ადგილიდან სასწრაფოდ უნდა იქნეს გატანილი.
ცნობისთვის: აფხაზეთში რამდენიმე სახეობის პალმის ხე იზრდება, თუმცა ყველაზე გავრცელებულია კანარის ფინიკი, ვაშინგტონი და ფან-პალმებია. თავის დროზე აფხაზეთში მათი შეტანა ტურისტული კურორტების ესთეტიკური მიმზიდველობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. დღესაც მათი მთავარი ფუნქცია შავი ზღვის საკურორტო ზონის დეკორატიული სახის შექმნაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ