პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება ყველაზე ხშირად კერძო სექტორში ირღვევა - მიმდინარე წლის 9 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 340 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც უმეტესობა, 79% (270) კერძო სექტორში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას უკავშირდება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა განუცხადა, რომელმაც ასევე, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებაზეც ისაუბრა.
როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ვალდებულების ძალაში შესვლის შემდეგ [1-ელი ივნისიდან], სამსახურმა შეამოწმა 51 ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელთაგანაც ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრის ვალდებულება 16 მათგანს არ ჰქონდა შესრულებული.
„ამ ეტაპზე შემოწმებულია 51 ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელთაგანაც ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრის ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული 16 მათგანს. სამსახურმა, შესაბამის შემთხვევებში, გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა, რაც გამოიხატება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის გაფრთხილების მიცემაში. ამასთან, გაცემულ იქნა ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის შესასრულებლად სავალდებულო დავალება“,- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.