ყავა არაბიკას ფიუჩერსები ორშაბათს ზედიზედ მეოთხედ გაიზარდა და 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ბრაზილიის 2025 წლის მოსავლის პროგნოზი გაუარესდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კერძოდ, არაბიკას მარტის ფიუჩერსებმა თბილისის დროით 16:44 საათისთვის 1,2%-ით მოიმატა და ფუნტზე 3,0585 დოლარი შეადგინა, მანამდე კი 13-წლიან მაქსიმუმს, 3,0625 დოლარს მიაღწია.
დილერები ამბობენ, რომ მომავალ წელს ბრაზილიაში არაბიკას მოსავალი კარგი არ იქნება, რადგან ბოლო წვიმებმა მშრალი ამინდის შედეგად მანამდე მიყენებული ზიანი ვერ დააკომპენსირა.
მეტიც, კიდევ ერთ მწარმოებელ ქვეყანაში, კოსტა-რიკაში ძლიერმა წვიმამ ყავის წლიური მოსავლის, დაახლოებით, 15% გაანადგურა, რაც, ყავის კოსტარიკულ ინსტიტუტ ICAFE-ის შეფასებით, მწარმოებლებს, დაახლოებით, 45 მლნ დოლარი დაუჯდებათ.
ყავა რობუსტას იანვრის ფიუჩერსები, ასევე, 4,5%-ით გაიზარდა და ტონაზე 5,211 დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის: სექტემბერში არაბიკას დეკემბრის ფიუჩერსები ძირითად ბირჟაზე ფუნტზე 2,68 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. წლის დასაწყისიდან არაბიკას მარცვლები უკვე 40%-ით გაძვირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ