„ვურჩევ ყველას, დარგონ რაც შეიძლება მეტი ზეთისხილი - დღეს არის იდეალური სიტუაცია დარგის განვითარებისთვის“

„დღეს არის იდეალური სიტუაცია ზეთისხილის დარგის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ათ წელიწადში საკმაოდ მაღალი ხარისხის ზეთისხილის წარმოება შეძლეს, რაც ბევრი ფაქტორის დამსახურებაა.

„საქართველოში ათ წელიწადში ზეთისხილის იმდენად მაღალი ხარისხი მივიღეთ, რომ მსოფლიო გავაოცეთ. ამ ხარისხით საქართველო მსოფლიო მასშტაბით ყოველთვის ხუთეულში ხვდება. აღნიშნულ ხარისხს განაპირობებს ჰაერი, წყალი, კლიმატი, გარემო, ნიადაგი, რომელიც ჩვენს ზეთისხილს უნიკალურ გემოებს სძენს. ასევე, რა თქმა უნდა, დანადგარები, რომელიც გამოიყენება პროდუქტის მისაღებად,“ - აღნიშნა სვანიძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ზაფხულში, დედოფლისწყაროში ზეთისხილის გადამამუშავებელი მეორე ქარხანა ამოქმედდება.

„უკვე მეორე ქარხანას ვაშენებთ დედოფლისწყაროში, ერთი გვაქვს სიღნაღის რაიონში. ახალი ქარხანა მომდევნო წლის ივლისი-აგვისტოში ამოქმედდება, ხოლო პირველი მოსავლის მიღება 8 თვეში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება წარმოებას, პირველი ქარხანა დღეში 3 ათას ტონას ამუშავებდა, მაგრამ ამ წელს 20-ჯერ გავზარდეთ წარმოება, რომელსაც მომავალ წელს მეორე ხაზი დაემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ რა ხარისხის ქარხანასაც ნახავთ იტალიასა და საფრანგეთში, ზუსტად იმავე ხარისხს ნახავთ დედოფლისწყაროშიც. მინდა ვთქვა, რომ დღეს არის იდეალური სიტუაცია ამ დარგის განვითარებისთვის. „დანერგე მომავლის“ 70%-იანი გრანტი ეძლევა ყველას, ვინც ზეთისხილის ხეს დარგავს. ვურჩევ ყველას, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს მომენტი და დარგონ რაც შეიძლება მეტი ზეთისხილი, რადგან ეს საშვილიშვილო საქმეა - ზეთისხილის ხე 1000-2000 წელი ხარობს,“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

ეკა დარჩიაშვილი