2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობა 1.04 მლრდ ლარით გაიზარდა, ეროვნულის ვალუტის კი 1.1 მლრდ ლარით შემცირდა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა ოქტომბრის ბოლოსათვის 2%-ით, 51-დან 49%-მდე შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ვებგვერდზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტების მოცულობა 28.358 მლრდ ლარს შეადგენდა, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 28.358 მლრდ--მდე შემცირდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტად, აქ დეპოზიტების მოცულობა სექტემბრის 28.125 მლრდ ლარიდან 29.166 მლრდ-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ თვეში შინამეურნეობებმა, ანუ ფიზიკურმა პირებმა უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა 315.5 მლნ ლარით გაზარდე. 31 ოქტომბრის მდგომარეობით ამ მაჩვენებელმა 19.568 მლრდ ლარი შეადგინა (სექტემბერი - 19.253 მლრდ). რაც შეეხება ბიზნესს, იურიდიული პირების უცხოური ვალუტის დეპოზიტები 723.3 მლრდ ლარით გაიზარდა და ოქტომბრის მდგომარეობით 9.503 მლრდ შეადგინა (სექტემბერი - 8.780 მლრდ ლარი).
რაც შეეხება ლარის დეპოზიტებს, აქ ანაბრების მოცულობა შეამცირეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე ბიზნესმა. უფრო კონკრეტულად, 393.6 მლნ ლარით შემცირდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 31 ოქტომბრის მდგომარეობით 10.268 მლრდ ლარი შეადგინა, იურიდიული პირების მიერ კი ეროვნული ვალუტის დეპოზიტები 639 მლნ ლარით შემცირდა და 13.100 მლრდ ლარი შეადგინა (სექტემბერში - 13.739 მლრდ ლარი).
საერთო ჯამში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ლარის დეპოზიტები 1 მლრდ ლარზე მეტით შეამცირეს, უცხოური ვალუტის კი 1 მლრდ ლარზე მეტით გაზარდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.92 პროცენტული პუნქტით)". ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 57.53 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 121.77 მილიონი ლარით, ანუ 0.21%-ით ნაკლები წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეც 0.19%-ით ნაკლები).