საქართველო კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკურ პარტნიორობას იწყებს - როგორია ქვეყნებს შორის ვაჭრობა

საქართველო კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკურ პარტნიორობას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია საუბარი, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულდა და მოწონებულია.

განკარგულებაში ვკითხულობთ - „ მოწონებულ იქნეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე ერთობლივი განცხადების პროექტი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით არის გაზრდილი. კერძოდ, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის, 2024 წლის 10 თვეში 106.691 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 100.676 მლნ აშშ დოლარის.

თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, კორეის რესპუბლიკიდან იმპორტი მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ ოქტომბერში ქვეყნიდან 100.480 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შევიძინეთ, რაც გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 20232 წლის ანალოგიურ პერიოდში სამხრეთ კორეიდან 96,099 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის 10 თვეში - 72,333 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში - 59,352 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

მიმდინარე წლის 10 თვეში კორეის რესპუბლიკიდან იმპორტირებული პროდუქტების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - 38.723 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 16.647 მლნ აშშ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 14.349 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5.054 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4.260 მლნ აშშ დოლარი

ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სამხრეთ კორეაში 6,211 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა, 2022-21 წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს ჩამორჩება. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,577 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის 10 თვეში 7,622 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 7,058 მლნ აშშ დოლარის.

წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ფეროშენადნობები - 1.642 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1.338 მლნ აშშ დოლარი
  • მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო - 657.8 ათასი აშშ დოლარი
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 583.1 ათასი აშშ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 349.3 ათასი აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ წელს პირველი-მესამე კვარტლის განმავლობაში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტების 97.2%-ანი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 22684 ვიზიტორი ჩამოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 11504.

რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, წელს მეორე კვარტალში კორეის რესპუბლიკა საქართველოში 2.546 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. წინა კვარტალში კი, ისევე როგორც გასულ წლის მეორე კვარტალში, ინვესტიცების გადინება მოხდა.

ნინი ქეთელაური