Neuralink ადამიანის ტვინთან დაკავშირებულ რობოტიზებულ ხელზე მუშაობს

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტექნოლოგიის დატესტვა დაიწყო, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რობოტიზებული ხელი აზრებით მართოს.

ინფორმაციას Neuralink სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

ამჟამად ადამიანებზე პირველი კლინიკური კვლევა ტარდება, სახელწოდებით, “Convoy,” რომელიც ადრეული სტადიის კვლევაა. მოწყობილობის წარმოებაში ჩაშვებას წლები დასჭირდება.

„ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური თავისუფლების აღდგენისკენ,“ - წერია Neuralink-ის განცხადებაში.

კომპანია, ასევე, Prime-კვლევას ატარებს, რომელიც კვადრიპლეგიის (ოთხივე კიდურის დამბლის) მქონე ადამიანებისთვის ნეიროინტერფეისის შესაძლებლობების დატესტვას ისახავს მიზანად.

ზოგადად, Neuralink-ის კვლევები ღიაა შეზღუდული მოძრაობის მქონე ადამიანებისთვის ან პირებისთვის, რომლებიც ხელებს საერთოდ ვერ იყენებენ ზურგის ტვინის ყელის განყოფილების დაზიანების ან ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის გამო.

ცნობისთვის: Neuralink-ის ჩიპი, მინიმუმ, ორი ადამიანის ტვინში უკვე ჩანერგილია, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, კომპიუტერის კურსორი, ასევე, iPad და მსგავსი ციფრული მოწყობილობები აკონტროლონ. იმპლანტი ტვინის იმ ნაწილშია მოთავსებული, რომელიც მოძრაობის დაგეგმვაზე არის პასუხისმგებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ