თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Stipfold საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
პროექტის სახელწოდებაა Cinemacity და მისი განხორციელება 2023 წელს დაიგეგმა. პროექტის ფართობი 32 000 კვ.მ.-ია, თავად შენობა კი 44-სართულიანი იქნება.
როგორც პროექტის აღწერაშია ნათქვამი, მრავალფუნქციური კომპლექსი საცხოვრებელ და სავაჭრო ობიექტებს , ასევე სპა ცენტრებსა და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს.
„კინო ქალაქი უფრო მეტია ვიდრე შენობა - ის არის კულტურული, სოციალური და არქიტექტურული ევოლუციის ცენტრი, რომელიც აკავშირებს თბილისის წარსულს მის მომავალთან,“ - ნათქვამია პროექტის აღწერაში.
ამ დროისთვის პროექტის განხორციელების თარიღი დაზუსტებული არ არის.