მოსკოვის ცენტრში სავაჭრო ქუჩებმა უცხოელი მოიჯარეების თითქმის 40% დაკარგეს

მოსკოვის მთავარ 12 სავაჭრო ქუჩაზე ფართის მოიჯარეებს შორის საერთაშორისო ბრენდების წილი 2012 წლიდან 2024 წლამდე 17%-დან 9%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია IBC Real Estate-ის მონაცემებში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

უცხოური ბრენდების მიერ დაქირავებული ფართების რაოდენობა 37%-ით ანუ 131 საცალო ბლოკიდან 82-მდე შემცირდა. უცხოური ბრენდების გასვლა ყველაზე შესამჩნევი სტოლეშნიკოვის შესახვევშია, სადაც ოდესღაც მათი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. აქ 26 სავაჭრო ფართიდან მხოლოდ 14, ნიკოლსკაიას ქუჩაზე 12-დან - 6, ხოლო პეტროვკაზე 24-დან - 17 ფართი დარჩა.

ამასთან, საერთაშორისო ბრენდების მიერ დაქირავებული 82 მაღაზიიდან 17% არ მუშაობს. მოიჯარეებმა უბრალოდ შენობა შეინარჩუნეს. ეს, ძირითადად, მოიცავს კომპანიებს ლუქს-სეგმენტიდან, როგორიც არის: Chanel, Gucci, Van Cleef & Aries, Tiffanny & Co., BVLGARI, Prada, Dior, HERMES და Louis Vuitton.

რუსეთის დედაქალაქის ცენტრში სამუდამოდ დახურეს მაღაზიები ისეთმა ლუქს-ბრენდებმა, როგორიც არის: Vacheron Constantin, Panerai, Roger Dubuis, Cartier, ასევე, სპორტული და მოდის ტანსაცმლის სეგმენტის უმსხვილესმა საერთაშორისო ბრენდებმა, Adidas-მა, New Balance-მა, Nike-მა, H&M-მა და Zara-მ. მაგალითად, Zara-ს სავაჭრო ფართის ნაწილი სხვა უცხოელ მოიჯარეს, არაბული ფესვების მქონე კომპანია MAAG-ს გადაეცა, რომელიც Zara-ს ახლოაღმოსავლელმა პარტნიორმა დააარსა, ხოლო ტვერსკაიას ქუჩაზე ყოფილი H&M-ის ფლაგმანი მაღაზია რუსულ კომპანია Gloria Jeans-ს შეხვდა.

ზოგადად, რუსმა მოთამაშეებმა უცხოელი მოიჯარეების მიერ გამოთავისუფლებული სივრცის 72% დაიკავეს. ასეთი ჩანაცვლების გამო მთავარ სავაჭრო ქუჩებზე თავისუფალი ფართი, 2019 წელთან შედარებით, უფრო ნაკლებიცაა. მაგალითად, თუ მაშინ გასაქირავებლად გატანილი სავაჭრო ფართების წილი 9%-ს შეადგენდა, ამჟამად 8%-ია.

კიდევ ერთი კვლევითი კომპანია Nikollers-ის მონაცემებით, მოსკოვის საკვანძო სავაჭრო ცენტრებში უცხოური ბრენდების მიერ დაკავებული სივრცეების წილი 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებული 44,2%-იანი მაჩვენებლიდან 2024 წლის დასაწყისში 28%-მდე შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ