სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მლრდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა - დავით სონღულაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა.

„დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტროს განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული, ესენია: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება; ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესება და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მოუსმინეს.