დავით სონღულაშვილი - გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს

გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.

„ორიენტირებულები ვართ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სტიქიური მოვლენების საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით, განხორციელდება წყლის რესურსების მართვის რეფორმა და ქვეყანა გადავა მდინარეთა სააუზო მართვის ევროპულ მოდელზე, გაგრძელდება მუშაობა წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი სტანდარტები, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დადგინდება ახალი მოთხოვნები, დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და გარემოსდაცვითი ნებართვები გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. დავით სონღულაშვილმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდაზეც ისაუბრა.

,,ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დაცული ტერიტორიების გაფართოებისა (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) და განვითარების მიმართულებაზე. 2028 წლისათვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება ტყის აღდგენას, 2030 წლისთვის, აღნიშნული ღონისძიებები დამატებით 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.