მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან ერთად, უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის სხვა, სამედიცინო მომსახურების მიწოდებაც.
„გაიზრდება ცალკეული პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება, რაც მოხმარდება მათი ეფექტიანობის ზრდას. პრიორიტეტული იქნება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების, ტრანსპლანტაციისა და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მოცვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.