მალდივის რესპუბლიკის მთავრობა ბიუჯეტის შესავსებად ტურისტებისთვის გადასახადებს ზრდის. კერძოდ, იზრდება „მწვანე” გადასახადი, ტურისტული მოსაკრებელი, აეროპორტში მომსახურების გადასახადი და ტურისტულ საქონელსა და სერვისებზე დაწესებული გადასახადი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კერძოდ, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გაორმაგდება „მწვანე” გადასახადი, რომელიც თითოეულ ტურისტს სასტუმროში ან განსახლების სხვა ობიექტში დღეღამისთვის ეკისრება. სასტუმრო სახლებში და 50-ზე ნაკლებნომრიან სასტუმროებში დღიური გადასახადი 3-დან 6 დოლარამდე, ხოლო უფრო დიდ კურორტებზე 6-დან 12 დოლარამდე იზრდება.
ამასთან, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან ტურისტებისთვის როგორც ქვეყანაში შესვლის, ასევე, აეროპორტის განვითარების გადასახადები იზრდება, რაც ეკონომ-კლასის მგზავრებისთვის 30-ის ნაცვლად სათითაოდ 50 დოლარი, ანუ საერთო ჯამში 100 დოლარი, ხოლო ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის 60 დოლარის ნაცვლად სათითაოდ 120 დოლარი, ანუ ჯამში 240 დოლარი ხდება. პრემიუმ-კლასის მგზავრები 90-ის ნაცვლად 240 დოლარს გადაიხდაინ, რაც ორივე საფასურისთვის ჯამში 480 დოლარს შეადგენს. ბიზნეს-ჯეტის მგზავრებს, თითქმის, 1000 დოლარის გადახდა მოუწევთ, რადგან მათთვის თითოეული საფასური 120 დოლარიდან 480 დოლარამდე იზრდება.
რაც შეეხება თავად მალდივის კუნძულების მცხოვრებლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ, ეკონომ-კლასით მგზავრობის შემთხვევაში გადასახადი 12 დოლარი რჩება. თუმცა, ბიზნეს და პრემიუმ-კლასის, ასევე, კერძო ჯეტების მგზავრებისთვის გადასახადი იმავე ოდენობით იზრდება, როგორც უცხოელებისთვის.
ამასთან, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე გადასახადი 2025 წლის 1-ლი ივლისიდან 16-დან 17%-მდე იზრდება.
ტურისტული გადასახადების ზრდა მალდივის კუნძულების ხაზინას 175 მლნ დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს.
ცნობისთვის, 2023 წელს არქიპელაგმა 1.8 მლნ უცხოელი, მათ შორის, 220 ათასი რუსი ტურისტი მიიღო, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მალდივებზე რუსეთის ტურისტულმა ნაკადმა, თითქმის, 115 ათასი მოგზაური შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ