მსოფლიოში ძვირადღირებულ საკოლექციო ღვინოზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Liquid Icons-ის მიერ ღვინის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგებში წერია, რასაც The Drinks Business ავრცელებს.
კვლევა მიმდინარე წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, რომელშიც რჩეული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრის 1200-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.
საკოლექციო ღვინოზე მოთხოვნა იმ ფონზე მატულობს, როცა ბარები და რესტორნები მარაგის შევსებას განაგრძობენ, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების მხრიდან მოხმარება და ხარჯი იზრდება. ამასთან, იზრდება ერთი ბოთლი რჩეული ღვინის საშუალო ჩეკიც.
„დახვეწილი ღვინოები უსაფრთხო ინვესტიციად კვლავაც განიხილება, რამაც მდიდარ და უმდიდრეს ადამიანებში რჩეული ღვინის კერძო კოლექციების შექმნის სურვილი გააჩინა,“ - წერს The Drinks Business.
რესპონდენტთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ინვესტიციებისთვის ყველაზე პერსპექტიული იტალიური ღვინის ბაზარი ხდება, რაც „ბურგუნდიის გადახურებული ბაზრით“ არის განპირობებული. ყველაზე საინტერესო რეგიონებად იტალიის პიემონტი (გამოკითხულთა 20%), ფრანგული შამპანი (17%) და ბურგუნდია (14%), შემდეგ კვლავ იტლიის ტოსკანა (12%) და აშშ-ის კალიფორნია (9%) დასახელდა.
The Drinks Business, ასევე, წერს, რომ „კარგი ღვინის“ მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ახალგაზრდა მომხმარებელთა შორის იზრდება.
„ამან კარგი ღვინის ახალი თაობის მოყვარულები წარმოშვა, რომლებიც დახვეწილ ღვინოებს ნაკლებად ცნობილი ან პერსპექტიული რეგიონებიდან ეძებენ. ამასთან, ახალგაზრდა მეღვინეების მიერ დაყენებული ღვინის, ასევე, ორგანული, ნატურალური და ბიოდინამიკური ღვინოების მიმართ ინტერესი იზრდება,“ - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ორგანიზაცია Liquid Icons ღვინის სამი მოყვარულის, მათ შორის, ოსტატ-სომელიეს ჟერარ ბასეს მიერ შეიქმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა ჟერარ ბასეს ხსოვნის საპატივცემულოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნეს. Liquid Icons ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ხელს უწყოს, ასევე, ღვინის აუქციონ Golden Vines-ის ორგანიზატორია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ