„გულახდილად გეტყვით, არ ვიცი რა იქნება, ძალიან დიდი ტვირთი აქვს ახალ პრეზიდენტს - წინას უნდა აჯობოს“ - თემურ ჭყონია

„გულახდილად გეტყვით, არ ვიცი რა იქნება,“ - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების ფაქტს.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილს დიდი ტვირთი აქვს, რადგან მის წინამორბედზე უკეთესი უნდა იყოს, თუმცა, გამოუვა თუ არა, ბიზნესმენის თქმით, დრო გვიჩვენებს.

„გულახდილად გეტყვით, არ ვიცი რა იქნება. პროგნოზის გაკეთება ძალიან მიჭირს. პირველ რიგში მოულოდნელი იყო. მეორე, მე არ მომწონს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ხალხს ჰქვია პარლამენტის წევრები, რეგიონის წარმომადგენლები და 300 ხმოსანი.

მე რატომღაც წარმომედგინა, რომ ამ 300 ხმოსანში შევიდოდნენ ხალხის რჩეულები, განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, საქმის მცოდნეები, პროფესიონალები და ა.შ.

ვფიქრობდი, რომ ხალხის წარმომადგენლები იქნებოდნენ ამ 300 ხმოსანში და ეს ფორმა არ მეჩვენებოდა მიუღებლად. თურმე ასე არ ხდება, აღმოჩნდა, რომ 150 პარლამენტარი უცებ ხდება ხმოსანი, მუნიციპალიტეტებში არსებული დეპუტატები უცებ ხდებიან ხმოსნები, ანუ ამომრჩეველი ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, ცოტა არ მომეწონა საკითხის ასე გადაწყვეტა, როდესაც დღეს დეპუტატი გქვია და ხვალ ხმოსანი.

ამ ლოგიკით, ვფიქრობ, უეჭველი აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, იმიტომ, რომ კონკურენცია არ არსებობს, ერთი და იგივე ადამიანები აძლევენ ხმას და ა.შ. თუ გადავხედავთ ისტორიას პრეზიდენტების,

ძალიან დიდი ტვირთი აქვს ახალ პრეზიდენტს,

იმიტომ რომ დიალექტიკის კანონით, განვითარების ტემპებით, ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტზე უკეთესი უნდა იყოს. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ტვირთი აქვს (მიხეილ ყაველაშვილს), რადგან წინას უნდა აჯობოს. როგორ გამოუვა, ამას დრო გვიჩვენებს. ყველა შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს, მოდით ვუსურვოთ, რომ გააკეთოს ის, რაც საქართველოს სჭირდება.

რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ეს მარტივია, ნებისმიერ ცვლილებას შინაგანი იქნება, გარეგანი, პოლიტიკური და თუ სხვა, განსაზღვრავს პარტია და აქ მინისტრების ინდივიდუალიზმი ძალიან შემცირებულია,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის დავით სონღულაშვილის.

ნინი ქეთელაური