თბილისის გარკვეულ უბნებში დიდგაბარიტიანი მანქანებით დისტრიბუცია შესაძლოა, მხოლოდ ღამით განხორციელდეს

თბილისში, განსაზღვრულ არეალებში, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუცია შესაძლოა, ღამის საათებში განხორციელდეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, საკითხზე მსჯელობა თბილისის მერიასთან უკვე გაიმართა, თუმცა პროცესები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

მისი თქმით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ცვლილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულიყო. დისტრიბუტორები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე საკითხს მერიასთან კვლავ განიხილავენ და არსებული ფორმით ძალაში არ შევა.

„გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ჩვენ თბილისის მერიასთან გვქონდა ბოლო პერიოდში განხილვები. მერიის ინიციატივა იყო, რომ ღამის საათებში მომხდარიყო გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებით ობიექტების მომარაგება. ამ ეტაპისთვის მერიისგან პოზიცია არ ვიცით, რადგან გარკვეული საკადრო ცვლილებებია და პროცესები შეჩერებულია.

საუბარი იყო, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შესულიყო რეგულაცია ძალაში იმ შეზღუდულ არეალში, რომელიც დღეს არის განსაზღვრული დიდგაბარიტული ტრანსპორტისთვის. იმედია წლის ბოლომდე გვექნება დამატებითი შეხვედრა და განხილვა, რათა რეგულაციის შედეგად საბოლოოდ არ დაზიანდეს ყველა მხარის ინტერესი და ვერ იქნას ის მიზანი მიღწეული, რასაც ემსახურება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჯერ არ იქნება მიღებული, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დედაქალაქის მერიასთან ყველა ის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ხელი შევუწყოთ მათ მიზანს, მაგრამ ისე არა, რომ დაზიანდეს ბიზნესი და მომხმარებელი, რომელიც ფასის კუთხით შედეგს იგრძნობს,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

როგორც რიჟამაძემ აღნიშნა, რეგულაციის მიღება დაკავშირებულია რიგ პრობლემებთან, მათ შორის კადრების კუთხით. კერძოდ, დისტრიბუციით გარდა სუპერმარკეტებისა, სარგებლობს სარესტორნო ბიზნესი, კვებითი ობიექტები და ა.შ.

მისი თქმით, ღამით სადისტრიბუციო მომსახურების გაწევის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი კადრები, რისთვისაც ბიზნესი დღეს მზად არ არის.

„იმედს ვიტოვებთ, რომ რეგულაცია ძალაში არ შევა, რადგან ბიზნესი ჯერ არ არის მზად. რიგი ობიექტები ფიზიკურად ვერ შეძლებენ ღამის საათებში პროდუქციის მიღებას და ეს კადრების კუთხით სირთულეებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, არის მთელი რიგი პრობლემებია, რომელმაც შეიძლება სრულად შეაფერხოს პროცესები.

მარტო კვების ნაწილიც არ არის. თუ აიკრძალა გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუცია, დელივერის პრობლემაც შეიქმნება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის ტრანსპორტით მომარაგებაა საჭირო ავეჯისა და მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში. ამ ტიპის პროდუქციის ღამით მიწოდება მომხმარებლისთვის ვერ მოხდება.

გარდა მიწოდების პრობლემისა, არის კიდევ ერთი პრობლემა, მათ შორის, ხმაურის ნაწილში. საზღვარგარეთის პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ეს პრობლემაც დადგება დღის წესრიგში.

ჩვენ მივწერეთ მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აღნიშნული უწყებების კომპეტენციასაც განეკუთვნება ეს საკითხი, რადგან მონიტორინგის კუთხით, ღამე „ქეშით“ მოძრაობა, დამატებით სირთულეებს წარმოშობს ორივე სტრუქტურისთვის,“ - აღნიშნავს ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, დედაქალაქში ე.წ. დიდგაბარიტებიანი ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, სადისტრიბუციო დანიშნულების ავტომობილებზე 2025 წლის 1-ელ იანვრამდე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

მერი ტაბატაძე