45-ზე მეტი რუსული ტანკერი, 50-ზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 30 კომპანია, მათ შორის სერბეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ჩინეთიდან, ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტის ფარგლებში შესაძლოა ახალ შეზღუდვებს დაექვემდებაროს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ევროკომისიის შეთავაზების თანახმად შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს მათ შორის ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მიმართაც, რომლებმაც, რუსეთის დასახმარებლად, უკრაინაში ჯარების გაგზავნას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ბლოკის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერას მოითხოვს.
გარდა ამისა, ევროკავშირს ასევე სურს სანქციები რამდენიმე ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დააწესოს, რომლებიც, მისი პოზიციით, რუსულ კომპანიებს დრონების შექმნაში დაეხმარა.
Bloomberg-ის მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით, საერთო ჯამში, შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს 50-ზე მეტ ადამიანზე და თითქმის 30 ორგანიზაციაზე. კერძოდ, საუბარია კომპანიებზე რუსეთიდან, სერბეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან. ყველა მათგანმა, ევროკომისიის ცნობით, რუსეთს აკრძალული ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები მიაწოდა.