საქართველოს მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,2%-დან 9%-მდე ზრდის.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო.
პროექტის თანახმად, შემცირებულია 2.8%-იანი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 1,0%-მდე შეადგენს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული.
„ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2024 წლის ძირითადი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საბოლოო პროგნოზები, კერძოდ: მშპ რეალური ზრდის პროგნოზი - 9,0%; მშპ-ს დეფლატორი - 3,1%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 1,0%; ნომინალური მშპ- 90 895,2 მლნ ლარი; მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 9 027,3 აშშ დოლარი ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 23 260,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 29 980,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 2,5%; მთავრობის ვალი - მშპ-ს 36,8%. ზემოაღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე 1 207,0 მლნ ლარით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები“,- ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის თანახმად, 1 218 მლნ ლარით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური (თავდაპირველი გეგმა) მაჩვენებელი და განისაზღვრება 25 616,0 მლნ ლარის ოდენობით.
ასევე, ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 900,0 მლნ ლარით.
საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 240,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8 069,2 მლნ ლარით; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 37,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 545,0 მლნ ლარს; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,5 მლნ ლარით და განისაზღვრება 506,5 მლნ ლარით; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები ჯამურად მცირდება 18,7 მლნ ლარით და განისაზღვრება 782,3 მლნ ლარის ოდენობით; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 738,0 მლნ ლარის ოდენობით; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 347,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 747,7 მლნ ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები, წლის ბოლოს პოლიციელთა მატერიალური წახალისების მიზნით იზრდება 20,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 280,0 მლნ ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 210,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 590,0 მლნ ლარს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 215,0 მლნ ლარს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 9,0 მლნ ლარით და შეადგენს 423,7 მლნ ლარს; საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 2,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 189,7 მლნ ლარის ოდენობით.